skip to content
ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებული სპეკულაციები „სამარცხვინოა“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სამარცხვინო“ უწოდა ოპოზიციური პარტიების კრიტიკას, რომელიც მოჰყვა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთისათვის გაგზავნილ თხოვნას – მოსკოვი ჩართულიყო ბორჯომის ხეობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. 

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 31 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 22-25 აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდა და ხანძრის ჩასაქრობად შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობდა, რუსეთისათვის დახმარების თხოვნით მიმართვის საჭიროება სტიქიის ზონაში ვითარების გართულებით ახსნა. 

„საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო საკმაოდ რეალური“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა უფლება „რეზერვში არ ჰქონოდა ყველა შესაძლო საშუალება“. 

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, „სათანადოდ შეაფასონ“ ოპოზიციის განცხადებები და აღნიშნა, რომ „მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა“ მოქალაქეთა სიცოცხლისა და ქონების დაცვის თვალსაზრისით.  

რუსეთისათვის დახმარების თხოვნით მიმართვა, რომლის შესახებ 25 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან გახდა ცნობილი და, საბოლოოდ, 28 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურდა, ოპოზიციურმა პატიებმა მწვავედ გააკრიტიკეს. 

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებმა გაუმართლებლად მიიჩნიეს დახმარებისთვის იმ ქვეყნისათვის მიმართვა, რომელმაც საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელა და, ცხრა წლის წინ, ბორჯომის ტყეები თავად გადაწვა.

ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.

„ჩვენ გვსურს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში და პირადად გაგვცეს პასუხი ყველა შეკითხვაზე, რომელიც ამ საკითხზე გვაქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს დახმარებას მეგობარი ქვეყნები სთავაზობდნენ, „რთულად წარმოსადგენია“, რომ რუსეთის ჩართვის აუცილებლობა რეალურად იდგა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსეთის შესაძლო ჩართვის თაობაზე  განცხადებები საქართველოს პრემირ-მინისტრმა 22 და 24 აგვისტოსაც გააკეთა და დახმარების თაობაზე მოსკოვისგან მიღებულ წინადადებას „მისასალმებელი“ უწოდა.  

მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს დახმარების თხოვნით უშუალოდ საქართველომ მიმართა.  

საქართველოს მთავრობის წევრებმა – ზურაბ არველაძემ და ვიქტორ დოლიძემ – რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის ფაქტი უარყვეს, თუმცა 26 აგვისტოს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს, დახმარების თხოვნით მიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ დახმარების თხოვნით რუსეთს, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, მიმართა

ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. მისი ლიკვიდაცია 26 აგვისტოს, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და ბელორუსის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button