skip to content
ახალი ამბები

სუბარი: სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუაცია სრულად კონტროლდება

სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა 5 ნოემბერს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა რამდენიმე საპატიმროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და დაძაბულობებში და სასჯელაღსრულების სისტემაში არეულობის მცდელობაში.

25 ოქტომბერს ახალ მთავრობასთან ერთად უფლებამოსილების შესრულების დაწყების შემდეგ, სუბარმა განაცხადა, რომ მას რთული ბალანსის დაცვა მოუწევს, რათა ერთის მხრივ, ციხეებში სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან, ხოლო მეორეს მხრივ, არ დაირღვეს პატიმართა უფლებები.

თავისი პირველი გამოწვევის წინაშე სუბარი რამდენი დღეში დადგა, როდესაც რუსთავის #16 საპყრობილეს პატიმრებმა ციხის ახლად დანიშნული უფროსის ლევან აბურჯანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს; მის წინააღმდეგ პატიმრებმა მთელი რიგი ბრალდებები წამოაყენეს, დაწყებული პატიმართა დაშინებით და მათ წინააღმდეგ მუქარით და დამთავრებული მისი წარსული უკანონო ქმედებებით, როდესაც ის თბილისის ერთ–ერთ უბანში ადგილობრივი პოლიციის უფროსად მსახურობდა.

ციხეებში არსებული სიტუაცია ყოველთვის სენსიტიური საკითხი იყო საქართველოში; თუმცა სასჯელაღსრულების სისტემიდან გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე რეაგირება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით დრე პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალა გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 20–ზე მეტმა პატიმარმა რუსთავის საპყრობილეში შიმშილობა დაიწყო აბურჯანიას გათავისუფლების მოთხოვნით. იმავდროულად, რუსთავის საპყრობილეს გარეთ პატიმრების ნაწილის ნათესავები შეიკრიბნენ, რომლებიც ასევე ითხოვდნენ აბურჯანიას გათავისუფლებას. ამ მოვლენებს არ დადასტურებული ხმებიც ახლდა თან, რომლის თანახმადაც ციხის ადმინისტრაცია სპეცრაზმის განთავსებას აპირებდა ან უკვე ყავდა განთავსებული ციხეში.

თუმცა რუსთავის საპყრობილეს უფროსმა ლევან აბურჯანიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ პატიმრების საჩივრები იმიტომ გაჩნდა, რომ ის ციხეში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის აღმოფხვრას გეგმავდა.

1 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა, რომლის წარმომადგენლებმაც ციხეში არსებული ვითარება შეისწავლეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმართა ბრალდებების შესწავლისკენ მოუწოდა. 2 ნოემბერს სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ მან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერა პატიმართა მიერ წამოყენებული ბრალდებების შესწავლის პროცესში. სამინისტროს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აბურჯანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა და აღნიშნა, რომ მინისტრი პატიმართა უსაფუძვლო მოთხოვნებს და ბრალდებებს დაემორჩილა.

1 ნოემბერს სუბარს ასევე მოუხდა შეეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება გურამ კერესელიძის სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე. სუბარმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა აღარ დაენიშნა კერესელიძე იმ მოტივით, რომ „თავად ექიმების წრეში გამოიწვია ამან საკმაოდ ცუდი რეაქცია“. 

მას შემდეგ, რაც რუსთავის საპყრობილეში დაძაბულობამ იკლო, ანალოგიური მოვლენები ქსნის #15 დაწესებულებაშიც განვითარდა. პატიმართა ნათესავებმა 4 ნოემბერს ქსნის ციხის გარეთ დაიწყეს შეკრება. მათი თქმით, პატიმრებმა აცნობეს, რომ ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს – ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ციხეებს იქ არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით სტუმრობს, არ დაადასტურა.

ქსნის პატიმრები ციხის ახალდანიშნული უფროსის ნუკრი ხუხუას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. პატიმრები მას წარსულში, როდესაც ის სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, პატიმართა ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რომლის წარმომადგენლებიც 4 ნოემბერს ქსნის #15 დაწესებულებას სტუმრობდნენ, ცამეტმა პატიმარმა საპყრობილეში პირობების, მათ შორის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მოთხოვნით პირები ამოიკერეს.  მსჯავრდებულები ასევე ითხოვენ ისეთი შეზღუდვების მოხსნას, როგორიცაა საუბარი სასადილოში, რაც მათი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ დაუწესა. 

გასულ ღამეს პატიმრების ნათესავებს ჩხუბი მოუვიდათ იმ სამხედროებთან, რომლებიც ქსნის დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავენ. ამ ინციდენტის დროს ერთ სამხედროს სცემეს.

„იმ ფაქტებზე, რაც მოხდა ქსანში, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს, როდესაც იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა დაწყებული გვაქვს და ეს საქმეები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 5 ნოემბერს. 

„რაც შეეხებათ პატიმრებს, ჩვენ მათთან გვქონდა ლაპარაკი, და ამ ეტაპზე იქ არ ყოფილა რაიმე სერიოზული დარღვევა და არანაირი არეულობა. მათ მიმართ არ გატარდება არანაირი ღონისძიება; თუმცა, დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება ძალიან მკაცრი ზომები გატარებული“, – განაცხადა სუბარმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღე ხელისუფლება თავს იკავებდა მკაცრი ზომების გატარებისგან მათ მიმართ, ვინც საპყრობილეების გარეთ იკრიბებოდა.

„მაგრამ კანონი მკაცრად ითვალისწინებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 20 მეტრის პერიმეტრზე არ შეიძლება არანაირი მიტინგის მოწყობა. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაარღვევს ამ მოთხოვნას, მათ მიმართ გატარებული იქნება ადმინისტრაციული ზომები“, – განაცხადა სუბარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება დაძაბულობის გაღვივებას ცდილობს სასჯელაღსრულების სისტემაში.

„ცხადი იყო, რომ ყველაზე სუსტი წერტილი სადაც იყო, იქ დაიწყო ზეწოლა ყოფილმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ ყოფილ ხელისუფლებას არეულობების მოწყობის გარკვეული ბერკეტები გააჩნია, თუმცა მისი თქმით, სიტუაცია ციხეებში სრულად კონტროლდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება დაიწყო თბილისის #1 საპყრობილეს ექვსი პატიმრის წინააღმდეგ, რომელთაც ციხეში არეულობის ორგანიზების მცდელობაში ედებათ ბრალი.  

This post is also available in: English Русский

Back to top button