skip to content
ახალი ამბები

ბოკერია ივანიშვილს შეხვდა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

შეხვედრა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართა, სადაც კოალიციის ლიდერი ბოლო დროს ყველა ძირითად შეხვედრას მართავს.

ბოკერიამ განაცხადა, რომ იგი ივანიშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით შეხვდა, რათა მასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხები განეხილა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ გუნდებს შორის არსებობს ძალიან არსებითი, სერიოზული, ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და ალბათ არ გაქრება მომავალშიც“, – განაცხადა ბოკერიამ.

„მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც შეეხება საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლის კურსის შენარჩუნებას და გამყარებას, ამ საკითხში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა მან.

9 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა ის თემაა, სადაც ორივე მხარეს თანხვედრა აქვს და დასძინა, რომ „საქართველო აუცილებლად მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“.

„ამ პოზიციას კურსის შენარჩუნების თაობაზე ჩვენ მივესალმებით; აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და ეს საუბარი [ივანიშვილთან] სწორედ ამ თემებს შეეხებოდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button