skip to content
ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა და ამის მოტივად დაასახელა მისი სურვილი დაეხმაროს კახეთის რეგიონს „სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში“, რაც მის თანამდებობასთან "შეუთავსებელია".

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თბილისის, კონკრეტული მაღალი თანამდებობა და გვერდში დავუდგე ჩემს კახეთს, ჩემს კახელებს და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას“, –  განაცხადა ბეჟაშვილმა 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ არაფერი უთქვამს.

ბოლო პერიოდში პრესით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა, სავარაუდოდ, კახეთის რომელიმე ერთმანდატიან ოლქში.

ვიდრე ბეჟაშვილი 2008 წლის ივლისში კონტროლის პალატის (ამჟამინდელი დასახელება სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარე გახდებოდა, ის მანამდე ხუთი თვის განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებულად მუშაობდა კახეთის რეგიონში.

ბეჟაშვილი, რომლის უწყებაც ხშირად გამხდარა ბოლო თვეების მანძილზე კრიტიკის სამიზნე მისთვის პარტიების ფინანსური მონიტორინგის ფუნქციის მინიჭების შემდეგ, 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მანამდე კი პარლამენტის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ედგა სათავეში და საკანონმდებლო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 

23 ივლისს ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მიმართა პარლამენტს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე. 

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენციაში შედის ახალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურის შერჩევა, რომელიც პარლამენტმა 5 წლის ვადით უნდა აირჩიოს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button