
შსს–ს თქმით, ტერაქტის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივნისს განაცხადა, რომ „ტერორისტული აქტის განახორციელების კიდევ ერთი მცდელობა“ აღკვეთა, რომლის უკანაც ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილე ალექსეი სოკოლოვი, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსი ვლადიმერ ფუხაევი და მილიციის თანამშრომელი ვოვა კიბილოვი იდგნენ.
აღნიშნულმა პირებმა, შსს–ის თქმით, აფეთქების სამიზნედ თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი შეარჩიეს და ბადრი გოგიაშვილს ამ ოფისთან მისთვის ახალგორში გადაცემული ბომბის აფეთქება მოთხოვეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა გოგიაშვილი დღეს მცხეთის რაიონში დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით იქნა გაუვნებელყოფილი.
შსს აცხადებს, რომ დაკავებულის ჩვენების მიხედვით, მას დავალებული ჰქონდა „მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა, რომელზეც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა“. ამავე ცნობით, დამკვეთებმა სამიზნედ ნატოს სამეკავაშირეო ოფისი შეარჩიეს და „ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის“ გოგიაშვილს 2 ათასი აშშ დოლარის გადახდას დაპირდნენ.
შსს მსგავსი ფაქტის შესახებ 2 ივნისსაც იტყობინებოდა, როცა განაცხადა, რომ აფხაზეთში მყოფი რუსული სპეცსამსახურების ორი წარმომადგენლის მიერ დაკვეთილი “ტერორისტული აქტის მცდელობა“ აღკვეთა.
This post is also available in: English Русский