skip to content
ახალი ამბები

ქობალია ოფიციალური ბიოგრაფიის გაყალბებაზე ინფორმაციას ”ჭორს” უწოდებს

ეკონომიკის მინისტრმა, ვერა ქობალიამ, კანადური პრესით გავრცელებულ ინფორმაციას რომ მას ვანკუვერში არსებულ ტელეკომპანია Global TV-ში არასოდეს უმუშავია ”ჭორი” და ”დეზინფორმაცია” უწოდა.

ქობალიას ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ის 2004-2006 წლებში Global TV-ში პროდიუსერად მუშაობდა.

თუმცა ვანკუვერში გამომავალი გაზეთი Vancouver Sun-ი 28 ივლისს იტყობინება, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის ”საინფორმაციო სამსახურში ვერავინ გაიხსენა ეს სახელი, ხოლო პეტრა მეჰნერმა, Global TV-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან, თქვა რომ ქობალია ტელეკომპანიის თანამშრომელთა სიაში, ვინც ხელფასს იღებდა, არასოდეს ყოფილა.”

როდესაც ქობალიას 29 ივლისს შეკითხვა დაუსვეს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებს განუცხადა: ”მე ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს რუსეთს, რუსეთის ხელისუფლებას, ბევრ სხვას, ვინც მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, არ უნდა, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, არ უნდათ რომ ძლიერი ქვეყანა გახდეს. ამიტომ თუ გონიათ, რომ ასეთი დეზინფორმაციით და ჭორების გავრცელებით ხელს შემიშლიან საქმის გაკეთებაში მათთვის სამწუხაროდ ძალიან ცდებიან.”

მან ასევე დასძინა: ”კი, რა თქმა უნდა ვმუშაობდი” კანადურ ტელევიზიაში. 

ქობალიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკამათო საკითხს მისი 23 წლის დის, ნინას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობას უკავშირდება, რის შესახებაც ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვერა ქობალიამ ეკონომიკის სამინისტროში რამოდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებისას თქვა, რომ ”ნათესაური და მეგობრული კავშირები” კანდიდადთა შერჩევისას არ იქნებოდა გათვალისწინებული.

ვერა ქობალიამ 29 ივლისს ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი და ”აჭარის მთავრობაში არ მუშაობს.”

”ჩემი და იმყოფება ბათუმში და ეხმარება ტურიზმის განვითარებაში, რადგან PR–ის სპეციალისტია,” განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button