
სომხეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
სომხეთის თავდაცვის მინისტრი მიქაელ ჰარუთუნიანი 28 თებერვალს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში.
ჰარუთუნიანი გუშინ უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას დავით კეზერაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.
”მხარეებმა სამხედრო სფეროში საქართველო-სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხი განიხილეს. აქამდე ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით თანამშრომლობა არ ხორციელდებოდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სომხეთში საქართველოს თავდაცვის ატაშედ ეროვნული გვარდიის დეპარტამანტის ყოფილი შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ მურთაზ გუჯეჯიანის დანიშვნას, რეგიონალური უსაფრთხოების და სამხედრო ტვირთების გადაზიდვის საკითხებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს,” – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.
“საუბრისას ჩვენ ავღნიშნეთ, რომ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ოფიციალური ურთიერთობები არ არსებობს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ თანამშრომლობა აუცილებად უნდა გავაღრმავოთ, რისთვისაც ჩვენ შევქმნით მუშა ჯგუფებს. პირველი ნაბიჯი არის სამხედრო ატაშეს გაგზავნა,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა.
“სამწუხაროდ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში დღემდე არც ერთი შეთანხმება არ ყოფილა ხელმოწერილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო – სომხეთს შორის მაღალ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური სახის თანამშრომლობა არსებობს,” – განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.