
ცხინვალის რეგიონში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში, სოფელ კოხათთან მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავებულია, იტყობინება დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 28 თებერვალს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის ინფორმაციით, აფეთქება დაახლოებით 15:25 წუთზე სამხრეთ ოსური მილიციის პოსტზე მოხდა. მისი ვარაუდით ასაფეთქებელი ნივთიერება ტელევიზორის ქვეშ იდო, რომელიც ”დატოვეს გამვლელებმა, სავარაუდოდ, ქართველი ეროვნების”.
ცხინვალმა მომხდარს ”ტერაქტის” კვალიფიკაცია მისცა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასსი” იტყობინება სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით, რომ აფეთქება იმ შენობაში მოხდა, სადაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანია გახსნილი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე დაიწყო ხმის მიცემა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც თავად რუსეთში 2 მარტს ტარდება.
ამჟამად შემთხვევის ადგილას გასულია საქართველოს, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონიტორინგის ჯგუფი და ეუთოს დამკვირვებლები, იტყობინება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.