ახალი ამბები

ბერეზოვსკის პატარკაციშვილის დაკრძალვაზე დასწრება სურს

ბორის ბერეზოვსკიმ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მას თბილისში ჩამოსვლა სურს, რათა 28 თებერვალს მისი ”ახლო მეგობრის” ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვას დაესწროს.


მისი თქმით, მან ლონდონში საქართველოს საელჩოს მიმართა ვიზისთვის; თუმცა, დაიჩივლა, რომ საქართველოს საელჩო მას პასუხს ერთ კვირაში ეტყვის, რაც მისი თქმით, ძალიან გვიანია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ეს საკითხი ლონდონში საქართველოს საკონსულომ უნდა გადაწყვიტოს. ბერეზოვსკის ბრიტანეთის პასპორტი აქვს და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბრიტანული პასპორტების მქონე პირებს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა მოქალაქეებს, საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თუ ისინი ქვეყანაში სამ თვეზე ნაკლებ დროს აპირებენ დარჩენას. ანალიტიკოსთა თქმით, ბერეზოვსი, რომელიც რუსეთის მიერ იძებნება, ფაქტიურად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.


ცოტა ხნის წინ ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი აპირებს პატარკაციშვილის დაკრძალვისთვის ჩამოსვლას. თუმცა, ისრაელის პრეზიდენტის აპარატმა ეს ინფორმაცია უარყო.           



 

Back to top button