ახალი ამბები

ოპოზიცია თებერვლის შუა რიცხვებიდან საპროტესტო აქციებს გეგმავს

ოპოზიცია თებერვლის შუა რიცხვებიდან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმში გახმოვანებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავა, განაცხადა ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 28 იანვარს. მემორანდუმს ოპოზიცია 29 იანვარს გაახმოვანებს.


”ამ მოთხოვნებში შედის სამი ძირითადი მიმართულება: სამართლიანი სასამართლო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება პარიტეტულ საფუძველზე და მედიის თავისუფალი მაუწყებლობა,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ გადაცემა Primetime-ში საუბრისას, ”მემორანდუმში ამ მოთხოვნების დეტალებზეა საუბარი”.


”ეს არის გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ. თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება უკომპრომისო ბრძოლა და პერმანენტული საპროტესტო აქციები, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება… მე ბოლომდე ვიბრძოლებ,”- აღნიშნა მან.


მისი თქმით, ეს მოთხოვნები მიზნად ისახავს სამართლიანი გარემოს შექმნას საპარლამენტო არჩევნების წინ და თუ ეს პირობები არ შეიქმნება, ”პირადად მე უაზრობად მიმაჩნია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი”.


გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გაერთიანებული ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია სამართლიანი გარემოს შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე ოპოზიცია ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ დამოუკიდებლად.     


”თუ დავინახავთ, რომ 5 იანვარი მეორდება, ვფიქრობ, ოპოზიცია საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.


შემდეგ მან ახალი მთავრობა გააკრიტიკა და მას ”ანტი-ქართული” უწოდა.  მან განსაკუთრებით გია ნოდიას, განათლების მინისტრობის კანდიდატს, შეუტია, რომელსაც ”ნომერ პირველი ანტი-ქართველი” უწოდა.

Back to top button