
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება
ოპოზიციურ კოალიციას გადაწყვეტილი აქვს არ მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავისუფალ მედიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოზე წაყენებულ მოთხოვნებს, განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ.
”გადაწყვეტილია არ მონაწილეობა თუ შენარჩუნდა ასეთი სიტუაცია,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს, ”მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის რა სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი ტელევიზია და თავისუფალი საარჩევნო კანონმდებლობა. ეს არ იქნება, არ იქნება არჩევნები და დემოკრატია ამ ქვეყანაში. და პირველი დამნაშავე ის [სააკაშვილი] იქნება”.
ეს განცხადება გაჩეჩილაძემ გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან გერნოტ ერლერთან და ესტონეთის პრეზიდენტთან თომას ჰენდრიკ ილვესთან გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.
გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ამ კვირაში ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობა გააცნობს კონკრეტულ მოთხოვნებს, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ”ჩვენ წავიდეთ არჩევნების გზით”.