ახალი ამბები

ქვეყანა ლიბერალიზმისკენ და ჰუმანიზმისკენ შემოაბრუნე – მიმართავს სუბარი სააკაშვილს

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში ულოცავს მას პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას და საუბრობს მისი მმართველობის 4 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დაშვებულ შეცდომებზე, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა და რომელთა გამოსწორება, სახალხო დამცველის აზრით, ახალი პრეზიდენტის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს.


”ჩვენ ვერ დავძლევთ სიღარიბეს, ვერ განვავითარებთ წარმოებას, ვერ გავხდებით უკეთესი ქვეყანა, თუ არ დავიცავით მთავარი – ადამიანი და მისი უფლებები, ”- აცხადებს სუბარი ღია წერილში, ”შეცდომების დანახვა და აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც სათანადოდ აფასებს ქართული საზოგადოება და ამასთან ელის მთავარს – პოლიტიკურ ნებას და სურვილს, რომ ეს შეცდომები გამოსწორდება და აღარ განმეორდება. საპარლამენტო სიაში მხოლოდ ძველი სახეების ახლებით შეცვლა არ არის საკმარისი, უნდა შეიცვალოს მოქალაქეებისადმი, მათი უფლებებისადმი და ღირსებისადმი დამოკიდებულებაც”.


სახალხო დამცველი მოუწოდებს სააკაშვილს უარი თქვას ძალადობის პოლიტიკაზე, რომელსაც ხელისუფლებაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ემხრობა, რათა ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში დაკარგული ნდობა აღდგეს. იგი სააკაშვილს კონკრეტული დამნაშევე ჩინოვნიკების დასჯისკენ მოუწოდებს.


”2 ნოემბერი შედეგი იყო მკვლელობებისა, შეურაცხყოფებებისა, ცემა-ტყეპისა, საკუთრების ხელყოფებისა, ნგრევებისა, შევარდნებისა, წართმევებისა, დაშინებებისა და შემდეგ ტელევიზიით ყველაფერ ამის ცინიკური ღიმილით გამართლებისა,”- აცხადებს სახალხო დამცველი, ”არსებული პრაქტიკის გაგრძელება მძიმე შედეგს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე თავად ხელისუფლებას. თუმცა, ძალადობის პოლიტიკის სამუდამოდ დასრულების ერთადერთი ნიშანი იქნება დასჯა მათი, ვინც უკანონოდ ანგრევდა, ართმევდა, ღვრიდა და ა.შ. ამის უამრავი კონკრეტული ფაქტია, კონკრეტული გვარ-სახელებით. ჯერ ერთი, ისინი სრულად იმსახურებენ სასჯელს, მეორეც – ეს იქნება შთამბეჭდავი გაფრთხილება მომავალი მოხელეებისთვის”.


სახალხო დამცველი კორუფციასა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების პარალელურად ასევე ახსენებს მიხეილ სააკაშვილს, რომ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა ”ელიტარული” კორუფცია ადამიანების ჯგუფის მიერ, რომელთათვისაც ”ყველაფერი დაშვებულია”.


”რა თქმა უნდა, ”ნეოქურდებს” არ აწყობთ ძველი ქურდები, რაც დადებითი მომენტია, თუმცა, მათ ასევე არ აწყობთ არც დამოუკიდებელი სასამართლო, არც ევროკავშირი, არც ნატო – არცერთი სტრუქტურა და ორგანიზაცია, რომელიც მათ ძალაუფლებას შეზღუდავს. შეუძლებელია, ვერ ამჩნევდეთ, რომ ხელისუფლებაში პირის რეალურ გავლენას განსაზღვრავს არა თანამდებობა, არამედ მისი ადგილი ”ნეოქურდულ”  იერარქიულ კიბეზე. ეს აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა,”- მიმართავს სუბარი სააკაშვილს.


სახალხო დამცველი ასევე საუბრობს სხვადასხვა გზებით საზოგადოებაში ”შეგნებულად და მიზანმიმართულად” დანერგილ შიშზე ძირითადად პოლიციის, უშიშროების და პროკურატურის მეშვეობით და იმავდროულად, სამართლიანი სასამართლოს არ არსებობაზე, რასაც ”ხელისუფლებაც აღიარებს”.


”სასამართლო გადაქცეულია ნოტარიუსად და უუფლებო დანამატად პროკურატურისა, რომელიც გადაიქცა მონსტრად, რომლის წინაშეც სრულიად დაუცველია მოქალაქე. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია პროკურატურის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება,”- ნათქვამია წერილში, ”მნიშვნელოვანწილად დღეს სწორედ პროკურატურა მართავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად… რთულია ამის დოკუმენტურად დამტკიცება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასეა და დავხუჭოთ ამაზე თვალი?”


სუბარი ურჩევს სააკაშვილს ახალ ხელისუფლებაში აღარ მოიყვანოს ის პიროვნებები, რომელთა სახელებიც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. იგი ამ კონტექსტში მოიხსენიებს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, ერეკლე კოდუას.


”საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ მხოლოდ ტაქტიკურ გადანაცვლებებს განახორციელებთ, ძალაუფლების რეალურ ბერკეტებს კი იმავე პიროვნებებს შეუნარჩუნებთ, ხოლო მათ ადგილებზე ფორმალურად მათივე მარიონეტებს დანიშნავთ… იმედია ასე არ მოხდება,”- მიმართავს სუბარი სააკაშვილს.


სახალხო დამცველი ასევე საუბრობს მედიის თავისუფლების სფეროში შექმნილ ”არასახარბიელო” ვითარებაზე და გამოდის ინიციატივით საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაუყონებლივ შეიქმნას მართლაც დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ”გაითვალისწინებს მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს”.


”თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ არხი, რომელიც საზოგადოების ხარჯზე ფინანსდება, მართლაც დამოუკიდებელი იყოს, ეს ძალიან სწრაფად და ადვილად გადაწყვეტადი საკითხია. თუ ასეთი ნება არ არსებობს, გაგრძელდება მტკიცება, რომ საზოგადოებრივი არხი დამოუკიდებელია, თუმცა, საზოგადოება ამას არ დაიჯერებს და კამათი და დებატები გადაინაცვლებს ქუჩაში,”- აცხადებს სუბარი. 


იგი ასევე მოუწოდებს სააკაშვილს უარი თქვას მომავლში არჩევნების ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ჩატარებაზე.


”ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ნაკლებად მოდის ის ფაქტი, რომ თქვენს საარჩევნო შტაბს რეალურად   ხელმძღვანელობდა შს მინისტრი, რომელიც თათბირებს უტარებდა და საარჩევნო ინსტრუქციებს აძლევდა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელებს… არანორმალური ფაქტია, როდესაც დედაქალაქში თითქმის მთელი ტრანსპორტი მმართველმა პარტიამ იქირავა და თავისი მომხრეები გადაყავდა… ეს არ არის  ევროპისკენ მიმავალი ტრანსპორტი,”- აცხადებს სუბარი.


თავის ღია წერილში იგი ასევე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება, მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებით გულის დამშვიდება არ იქნება საკმარისი, რადგან  ”გადამწყვეტია ქართველი ხალხის შეფასება”.


”პრობლემათა ნუსხა ამით არ ამოიწურება, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ უამრავი საჭირბოროტო თემაა, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია თანდათან, თუ გადაწყდება მთავარი – სახელმწიფო ლიბერალიზმისკენ და ჰუმანიზმისკენ შემობრუნდება,”- აცხადებს სახალხო დამცველი.  

Back to top button