
ბურჯანაძე პატრიარქს შეხვდა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და 5 იანვრის არჩევნების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
”ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ყველა ჩვენთაგანის, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ხელისუფლების და იგივე ოპოზიციის წარმომადგენლების რომ მიუხედავად ისეთი სერიოზული პოლიტიკური წნეხისა და მაღალი ტემპერატურისა, ჩვენ შევძელით რომ გუშინდელი დღეს ცივილიზებულად ჩაგვეტარებინა,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას, თუმცა ”ყველანი უნდა დაველოდოთ არჩევნების საბოლოო შედეგებს”.
”თითოეული ჩვენგანის ვალია პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს, პატივი ვცეთ ჩვენი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას. იქ, სადაც ვინმეს მიაჩნია, რომ გასაპროტესტებელია რამე, შესაბამისი პროცედურები არსებობს და სამართლებრივი პროცედურებით ვიმოქმედოთ, მაგრამ ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ უკვე საპარლამენტო არჩევნებისათვის,”- აღნიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.