
ცესკო-მ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 6 იანვარს გამთენიისას თავის ვებგვერდზე საარჩევნო უბნებიდან მიღებილი შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო.
3,512 საარჩევნო უბნიდან დილის 5:30 საათზე მხოლოდ 55 უბნის მონაცემები იქნა გამოქვეყნებული. ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომისია წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას 6 იანვარს დილის 9 საათზე გეგმავდა.
ამასობაში, ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ მისმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნები ბევრ უბანში მოიგო, მათ შორის თბილისის უმეტეს უბნებში (მთაწმინდის გარდა) და ბათუმში. კვირას დილის 4 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ მონაცემები ეფუძნებოდა შემაჯემებელი ოქმების ასლებს, რომელიც კოალიციამ უბნებში თავისი წარმომადგენლებისგან მიიღო.
ამ მასალაზე დაყრდნობით, ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ”ჩვენ მეორე ტურში ვართ,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა იმავე პრესკონფერენციაზე, ”და ხელისუფლება ამას ვერ უარყოფს”.
ხიდაშელის თქმით, უამრავი დარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც 5 იანვარს საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა და იყო მცდელობები შედეგების მანიპულირებისა.
ოპოზიციურმა კოალიციამ უკვე მოუწოდა მხარდამჭერებს 6 იანვარს დღის 2 საათზე რიყეზე შეკრებისკენ. არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო მისია (ეუთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი) თავის წინასწარ მოხსენებას არჩევნების შესახებ 6 იანვარს, დღის 3 საათზე გამოქვეყნებს.
ამასობაში, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გვიან ღამით განაცხადა, რომ არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. იგი მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდა, სადაც მისი საარჩევნო შტაბი ლიდერის გამარჯვებას ზეიმობდა ეგით პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. ოთხი ქართული ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებულ ეგით პოლებს ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა და ”ფალსიფიცირებული” უწოდა.