skip to content
ახალი ამბები

ეგზით პოლების ორგანიზატორები მიუკერძოებლობის პირობას დებენ

ეგზით პოლის შედეგების შესაძლო მანიპულირებასთან დაკავშირებული შიშების გასაფანტად, ორგანიზატორებმა ყველა დაინტერესებული მხარე მიიწვიეს ეგზით პოლის პროცესის გასაკონტროლებლად.


5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ეგზით პოლებს ოთხი ქართული ორგანიზაცია განახორციელებს. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS) ეგზით პოლის ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს. საველე სამუშაოებს ექვსი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია – IPM, ACT, სარკე, ISSA, ISR და ARC – განახორციელებს. ეგზით პოლის შედეგები 5 იანვარს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე – საღამოს 8 საათზე გახდება ცნობილი. 


ოპოზიციამ უკვე გამოუცხადა ბოიკოტი დაგეგმილ ეგზითპოლებს. ”ჩვენ ვერ ვენდობით მათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულ ცოტა ორი მათგანი – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტელეკომპანია ”აჭარა” სახელმწიფო დაფინანსებაზეა,” – განაცხაადა დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ”ახალი მემარჯვენეებიდან”.


”ჩვენ ვეუბნებით არას ეგზით პოლებს, ჩვენ ვეუბნებით არას ამ ფარსს,” – განუცხადა პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ 29 დეკემბერს რიყეზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს.


ეგზით პოლების ორგანიზატორებმა 30 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდეს გამოაგზავნონ წარმომადგენლები სპეციალურად შექმნილ მონიტორინგის ჯგუფში, მთელ პროცესზე, მათ შორის მონაცემთა გადამუშავების პროცესზე დაკვირვების მიზნით.


”ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ეგზით პოლი არის დამატებითი მექანიზმი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ… და ჩვენ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, რომ განვახორციელოთ ეს პროცესი,” -განაცხადა GIPA-ს რექტორმა ლევან ცუცქირიძემ. მან იქვე დასძინა, რომ რაიმე შესაძლო მანიპულაციის თავიდან აცილების მიზნით, მონაცემების გადამუშავება ორ ცალ-ცალკე ადგილას მოხდება ერთდროულად.


”ეგზით პოლი არ ტარდება რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ან რაიმეს ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის მიზნით,” განაცხადა GFSIS-ის პრეზიდენტმა ლევნ იაკობაშვილმა, ”ეგზით-პოლი ტარდება იმ დამატებითი მექანიზმის უზრუნველსაყოფად, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ხარისხს. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ეჭვი ეპარებათ ეგზით პოლებში, გამოაგზავნონ წარმომადგენლები, რომელთაც ექნებათ საშუალება გააკონტროლონ მთელი პროცესი”.


რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ის მონიტორინგის ჯგუფის წევრი იქნება. ”პირობას ვდებ რეაგირება მოვახდინო ყველა იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც პროცესში წარმოიშვება,” – განაცხადა მან.


იმავდროულად, ორი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა – ხმების პარალელური დათვლის განხორციელებას გეგმავენ. ამ პროცესის ფარგლებში შეჯამდება საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული შედეგები.  


 

მსგავსი/Related

Back to top button