skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი ხაინდრავას აკრიტიკებს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ივლისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი, მისი თქმით, ოფიციალურ პოზიციას არ იზიარებს  საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 14 და 15 ივლისს რუსეთის ოფიციალური პირების დაკავებასთან დაკავშირებით.  


გიორგი ხაინდრავამ 16 ივლისს დაგმო საქართველოს სამხედრო პოლიციის “უპასუხისმგებლო ქმედება” და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღევად შეაფასა. რუსეთის საელჩოს მანქანა, რომელშიც იმყოფებოდნენ  შსკ-ში რუსეთის მხარის წარმომადგენელი იური პოპოვი და რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე  ვალერი ევნევიჩი საქართველოს სამხედრო პოლიციამ გორის მახლობლად დააკავა და გაჩხრიკა.


“ის [ევნვიჩი] სამხედრო პოლიციამ ჩემი დავალებით დააკავა. მე მივმართე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ პიროვნებაზე საერთოდ არ იქნას გაცემული საქართველოში შემოსასვლელი ვიზა… ის რამდენჯერმე შეეცადა ცხინვალში ჩუმად შესვლას, ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ჩვენ დავიღალეთ, ბოდიში ამ ჟარგონისთვის, ამ “ჟულიკის“ დევნით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა ისიც აღიარა, რომ რუსი დიპლომატის იური პოპოვის დაკავება “გაუგებრობა“ იყო.  


ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც გიორგი ხაინდრავამ დაიწყო სამხედრო პოლიციის დადანაშაულება ვენის კონვენციის დარღვევაში, საქმე ეხებოდა რუს სამხედრო პირს, რომელიც ხშირად არღვევს ქართულ კანონებს.


“ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის, რომ დანერგოს გარკვეული ნიჰილიზმი, შეეცადოს რომ წარმოაჩინოს ხელისუფლების არაერთიანობა არის დამღუპველი და საკმაოდ დიდი შეცდომა – ამ შემთხვევაში ისევ ხაინდრავას ვგულისხმობ – თუ არ მოგწონს ხელისუფლების პოლიტიკა და შენ პრინციპებს ეწინააღმდეგება დღევანდელი კურსი, ჩაალაგე ბარგი და წადი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქშოუში “თავისუფალი თემა“. 


გარკვეული ვარაუდები ოქრუაშვილსა და ხაინდრავას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ ყოველთვის არსებობდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ გააკრიტიკა ხაინდრავა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრმა უკვე რამდენჯერმე გააკრიტიკა ოქრუაშვილი კონფლიქტებთან დაკავშირებული მისი მკაცრი განცხადებების გამო. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button