skip to content
ახალი ამბები

რუსულმა მხარემ ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი დაკეტა

დღეს დილიდან საქართველო–რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის საკონტროლო–გამშვები პუნქტი დაიკეტა მას შემდეგ, რაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონული სამმართველოდან 7 ივლისს მიიღო შესაბამისი შეტყობინება.


რუსული მხარე თბილისში გამოგზავნილ წერილში ჩრდილოეთ საზღვარზე არსებული ერთადერთი ლეგიტიმური გამშვები პუნქტის –ზემო ლარსის  – დახურვას დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირებს. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია იუწყება.


თუმცა წერილში არ არის მითითებული ვადები, თუ რამდენ ხანში გაიხსნება ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი. 

მცხეთა–მთიანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, “სარემონტო სამუშაოები შეუძლებელია მთავარი არტერიული გზის გადაკეტვის რეალური მიზეზი იყოს”.

მისი ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო საზღვართან უკვე დაგროვდა მრავალი მანქანა და “ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button