
კოკოითი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი დღეს ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები განიხილეს.
“ვიმედოვნებ, რომ თქვენი პირადი ვიზიტი სამხრეთ ოსეთში დაგეხმარებათ კონფლიქტის მოგვარების საკითხების პრობლემების გაცნობაში და კონფლიქტის მოგვარებაში ეუთოს საქმიან მონაწილეობას შეუწყობს ხელს“, – იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
კოკოითმა ხაზი გაუსვა 14 ივნისს ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მნიშვნელობას, სადაც კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე 7,9 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი გადაწყდა, რასაც ასევე დაემატება რუსეთის მიერ ცალკე გამოყოფილი 3 მლნ ევრომდე თანხაც.
თავის მხრივ კარელ დე გუხტი დაინტერესდა თუ როგორ განხორციელდება ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმა და როგორ განაწილდება დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები, იტყობინება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.