
საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თბილისის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის განხორციელების პერსპექტივებს და ასევე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას შეეხო.
“იმედი მაქვს, მინისტრთა შეხვედრამდე, რომელიც ბრიუსელში დეკემბერშია დაგეგმილი, ჩვენ შევძლებთ საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზაზე კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას”, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯომარემ.
“მზად ვართ სამშვიდობო გეგმაში ჩადებული ყველა პუნქტი შევასრულოთ იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა და აღნიშნა ეუთოს აქტიური როლი კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ბეჟუაშვილის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია 14 ივნისის ბრიუსელის დონორთა კონფერენცია, სადაც ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის 7,9 მლნ ევროს გამოყოფა გადაწყდა. გარდა ამისა თბილისი 8 მლნ ევრომდე გამოყოფს რეაბილიტაციის პროექტებზე, ხოლო მოსკოვი 3 მლნ ევროს გამოყოფას გეგმავს.
“ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსეთის ფედერაციამ მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტთა თანადაფინასებაში, რომლებიც შერჩეულია საჭიროებათა შეფასების მისიის მიერ”, – განაცხადა კარელ დე გუხტმა.
დღესვე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯომარეს ნინო ბურჯანაძესაც შეხვდა. დაგეგმილია ასევე მისი საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა, რის შემდეგაც იგი 23 ივნისს ცხინვალის რეგიონს ეწვევა.