
თბილისი მოსკოვს CFE–ის ნაწილობრივ შესრულებაში ადანაშაულებს
საქართველოს მტკიცებით, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებით (CFE) აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რადგან კვლავაც მოქმედებს გუდაუთის ბაზა, ხოლო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში კი თავმოყრილია დიდი რაოდენობით მძიმე შეიარაღება.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა კუდავამ ვენაში 29 მაისს დაწყებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც CFE–ს შესრულების განხილვა მიმდინარეობს.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მიღწეულია გარკვეული პროგრესი ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის კუთხით, თუმცა “რუსეთის მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება მანამდე, სანამ ბაზის ტერიტორიაზე დარჩება თუნდაც ერთი სამხედრო მოსამსახურე ან შეიარაღების ერთი ერთეული.“
“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში CFE–ის ხელშეკრულებით ლიმიტირებული მძიმე შეიარაღების დიდი რაოდენობაა. ამ ტერიტორიაზე უკონტროლო შეიარაღების არსებობა CFE ხელშეკრულების უხეში დარღვევაა”, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.