
სააკაშვილი უკრაინას სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც 22-23 მაისს სუამის წევრი სახელმწიფოების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) საქართველოს შესაძლო გამოსვლის საკითხს განიხილავს.
მონაწილეები, სავარაუდოდ ამჟამინდელი სუამის ნაცვლად სრულუფლებიან საერთაშორისო ორგანიზაციას – “ორგანიზაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის – სუამ” დააარსებენ. ორგანიზაციის შტაბბინა კიევში განთავსდება.
მონაწილეები ასევე მოაწერენ ხელს სამოქმედო გეგმებს რეგიონალური თანამშრომლობის, საერთაშორისო ორგანიზციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.