ახალი ამბები

ბეჟუაშვილი სტრასბურგში რეფორმებსა და კონფლიქტებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 18 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 116-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად რეფორმების გზაზე მიღწეული წარმატებისა, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.


მან ასევე ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე და განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება, რომ “რუსეთის ფედერაციამ, როგორც კონსტრუქციულმა პარტნიორმა, რომელიც იზიარებს ევროპის საბჭოს ღირებულებებს, კონტროლი გაუწიოს სტაბილურობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფას მის საზღვრებსა და სამეზობლოში“.


ბეჟუაშვილის განცხადებით, “ნაცრისფერმა ზონებმა“ და “მძაფრმა სეპარატიზმმა“ დაანაწევრა საქართველო.


“სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ორი რეგიონი -– აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი – დანაშაულებრივი საქმიანობის, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის, კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალურ დანაშაულებათა ბუდეს წარმოადგენს“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რეფორმებზე საუბრისას აღნიშნა , რომ საქართველომ გარკვეულ წინსვლას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.


“არსებობს სფეროები, სადაც მომავალში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი რეფორმების პროგრამა და მას შეუქცევადი ხასიათი მივცეთ. ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის სფეროა საკანონმდებლო რეფორმა. ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი სასამართლოებისა და საკანონმდებლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“ჩვენთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობათა განვითარება და დემოკრატიის დეცენტრალიზაცია. ევროპის საბჭოს დახმარება და მონაწილეობა 2006 წლის ნოემბერში დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში უაღრესად ღირებული იქნებოდა ჩვენთვის და ჩვენ ამას მივესალმებით“, – დასძინა მან.


 

Back to top button