
ბენდუქიძე ტრანსკასპიურ გაზსადენზე საუბრობს
უკრაინულ გაზეთ “ეკონომიჩესკიე იზვესტია“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შედეგად გაიზარდა დაინტერესება ტრანს-კასპიური და შავი ზღვის გაზსადენების მიმართ.
“ვფიქრობ, რომ კასპიის ზღვა-საქართველო-შავი ზღვა-უკრაინა-ევროპის გაზსადენის კომერციული პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად განიხილება გაზსადენების გაყვანის დიდი და პატარა ვარიანტები. დიდი ითვალისწინებს გაზის ცენტრალური აზიიდან წამოღებას აზერბაიჯანში და შემდეგ [დასავლეთისკენ საქართველოს, შავი ზღვის და უკრაინის გავლით]“, – განაცხადა ბენდუქიძემ.
“ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ “გაზპრომს“. როდესაც გაზი იაფი იყო, ეს პროექტი არ იყო ეკონომიკურად ხელსაყრელი. ახლა კი, თუ უკრაინა გაზს სულ ცოტა 180 აშშ დოლარად შეისყიდის [1000 კუბურ მეტრზე], პროექტი ექვს-შვიდ წელიწადში ამოიღებს ხარჯებს და ინვესტიციების ჩამდებთა რაოდენობაც გაიზრდება“, – განაცხადა ბენდუქიძემ.