ახალი ამბები

თბილისში ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იგეგმება

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სავარაუდოდ მომავალ კვირას თბილისში ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც აფხაზურ მხარეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენს.


“ამ შეხვედრაზე განვიხილავთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ძირითად მიმართულებებს  – დევნილთა დაბრუნების, უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს და ასევე დავსახავთ სამომავლო გეგმებს“, – განუცხადა 10 მაისს “სივილ ჯორჯიას“ ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე არის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში.


მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო, რომლის აღდგენაზეც მხარეები 29 მარტს შეთანხმდნენ, აქტიურად დაიწყებს მუშაობას. „შეხვედრები თითქმის ყოველთვიურად, რეგულარულად გაიმართება“, – დასძინა ალასანიამ.

Back to top button