
აფხაზეთი სამშვიდობო გეგმას განიხილავს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 6 მაისს აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ წარდგენილი “ქართულ–აფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების შესახებ“ დოკუმენტი განიხილა, იტყობინება “აფსნიპრესი“.
აფხაზი პარლამენტარები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აფხაზური მხარე პირველი იყო, რომელმაც კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა წარადგინა; თუმცა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამშვიდობო გეგმას შემდგომი დახვეწა ესაჭიროება.
საქართველოს მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა 2006 წლის 1 მაისისთვის უნდა წარედგინა, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის ოქტომბერში მიღებული დადგენილება ითვალისწინებდა, თუმცა სამშვიდობო გეგმა ჯერაც არ არის წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის.
“აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზური მხარის სამშვიდობო გეგმა, რომელსაც “მომავლის გასაღები“ ეწოდება, სთავაზობს თბილისს “ხელახლა შეაფასოს თავისი წარსულის შეცდომები და ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს ასიმილაციის, ომის და იზოლაციის სახელმწიფო პოლიტიკის გამო; უარი თქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე; უარი თქვას [აფხაზეთის წინააღმდეგ] ეკონომიკური და საინფორმაციო ბლოკადის პოლიტიკაზე; ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მიწაზე, ზღვასა და ჰაერში; უზრუნველყოს გარანტიები საერთაშორისო საზოგადოების და გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან საქართველოსა და აფხაზეთს შორის ცეცხლის განუახლებლობის შესახებ; დაიწყოს კონსულტაციები პრეზიდენტებს შორის ორი სახემწიფოს [საქართველოს და აფხაზეთის] მშვიდობიანი თანაარსებობის პირობების შესახებ; ითანამშრომლონ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში; შეიმუშავონ თანამშრომლობის თანამედროვე და ცივილიზებული მეთოდები ევროპის სამეზობლო სტრატეგიის ფარგლებში; უარი თქვან ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირებაზე, კერძოდ ეს ეხება [აფხაზეთის] რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტს“.
სამშვიდობო გეგმა ადასტურებს აფხაზური მხარის პოზიციას რუსეთის სამშვიდობო პროცესიდან გამოდევნის “კონტრპროდუქტიულობის“ შესახებ.
“დოკუმენტი ასახავს ჩვენი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ… პრეზიდენტის [სერგეი ბაღაფშის] ინიციატივა უნდა მოვიწონოთ“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ აფხაზი დეპუტატის ვიაჩესლავ ცუგბას სიტყვებზე დაყრდნობით.
თუმცა, ზოგიერთმა დეპუტატმა სამშვიდობო გეგმაში ასახულ რამოდენიმე საკითხზე სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“თავად იდეა დოკუმენტისა ძალიან კარგია, რადგანაც ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტისადმი აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ არსებობს დებულებები დოკუმენტში, რომლებიც შესაძლოა გახდეს ორმაგი ინტერპრეტაციის წყარო, კერძოდ, ის ნაწილი, რომელიც დევნილებს ეხება. ვინ არის იმის გარანტი, რომ გალის რაიონში დაბრუნებული დევნილები ჩვენს წინააღმდეგ იარაღს არ აიღებენ? ჩვენ ასევე არ უნდა დავთანხმდეთ რკინიგზის აღდგენაზე აფხაზეთის გავლით, სანამ ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ“, – განაცხადა აფხაზმა დეპუტატმა თეიმურაზ აჩუგბამ.