ახალი ამბები

ბათუმში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო

დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ოფიციალურად გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობის წევრები და ასევე ბათუმში სტუმრად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი ქურშად თუზმენი დაესწრნენ.


ბათუმის აეროპორტის მშენებლობას თურქული კომპანია შპს TAV Urban Georgia განახორცილებს, რომლის თაობაზეც ქართულ მხარესთან ხელშეკრულება 2005 წლის სექტემბერში გაფორმდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტის მშენებლობა 2006 წლის ბოლოს დასრულდება და კომპანია მთლიანად 28,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. იგივე კომპანია ასევე ახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი პროექტი აჭარაში“, იმ სხვა დიდი პროექტებიდან, რომელიც 2009 წლამდე განხორციელდება ამ რეგიონში.


“დღეს ჩვენ ვკეტავთ ბათუმის აეროპორტს  იმისათვის რომ რამდენიმე თვეში გავხსნათ ახალი საქართველოს, ახალი აჭარის, ახალი ბათუმის, ახალი აეროპორტი“,- განაცხადა პრეზიდენტმა. 


დღევანდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-თურქული მეგობრობის შესახებ ისაუბრა და თბილისის, ბათუმის აეროპორტების მშენებლობაში,  სხვადასხვა სექტორში ჩადებული ინვესტიციების, კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა.


“თურქეთი იყო ის პირველი ქვეყანა, რომელიც პირველი მოვიდა საქართველოს დასახმარებლად ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თურქეთი იყო ის ქვეყანა, როდესაც აჭარაში შეიქმნა პრობლემები 2004 წელს [აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს] ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო და აჭარის მოსახლეობას თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა და სამოქალაქო დაპირისპირება. თურქეთი არის ის ქვეყანა, სწორედ იმ პერიოდში როცა ჩრდილოეთის მიმართულებიდან,  მოხდა ასეთი დამთხვევა, საერთოდ შეწყვიტეს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა, თურქეთმა მთლიანად გააუქმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი… ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი მეგობრობის ნიშანი. ისევე როგორც ეხლა ჩვენ თურქეთთან ვამზადებთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ახალ დოკუმენტებს, რომლითაც ქართული სამრეწველო, საექსპორტო პროდუქცია უფრო თავისუფლად შევა თურქეთის ბაზრებზე და ეს იმ პირობებში, როდესაც სხვა ბაზრები საქართველოს პროდუქციისთვის ხელოვნურად იკეტება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  


მისი თქმით, ინტენსიურად შემოდის თურქული ინვესტიციები საქართველოში. “ეს კი ნიშნავს იმას, რომ თბილისის და ბათუმის აეროპორტებში 100 მლნ დოლარამდე იდება უახლოესი ერთი წლის განმავლოაბში. ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული პირდაპირ ქართულ ეკონომიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თურქები აქტიურად დებენ ფულს სამშენებლო ინდუსტრიაში, წარმოების განვითარებაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, საქართველოში ქართველი ხალხის დასაქმებაში“, -დასძინა პრეზიდნეტმა. 

Back to top button