
ავიაკატასტროფაში საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა
ოფიციალურმა თბილისმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 3 მაისს ადლერთან მომხდარი ავიაკატასტროფრის დროს საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ასკან მანველიანი დაიღუპა. სომხური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ა-320, ერევანი-სოჭის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 113 ადამიანი. მათი უმეტესობა რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები იყვნენ.
თვითმფინავმა სოჭის მახლობლად განიცადა კატასტროფა, მაშინ როცა მეორედ ცდილობდა საავარიო დაშვების განხორციელებას. ოფიციალური ინფორმაციით, კატასტროფა ცუდმა ამინდმა გამოიწვია.
საქართველოს საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში შეეცადა დაშვებას, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო სოჭის აეროპორტში დაშვება ამინდის გამო.
“მაგრამ თვითმფრინავი უკვე ქუთაისის თავზე იმყოფებოდა, როდესაც უკან გაბრუნდა“, – განუცხადა საჰაერო ნავიგაციის დეპარეტამენტის უფროსმა გიორგი კარბელაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მას შემდეგ გაბრუნდა სოჭში, რაც აცნობეს, რომ იქ ამინდი გაუმჯობესდა.