ახალი ამბები

მოსკოვი გუდაუთის ბაზაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ კამინინმა 2 მაისს განაცხადა, რომ გუდაუთის ბაზის “ირგვლივ არსებული სპეკულაციების ერთხელ და სამუდამოდ დასრულების მიზნით“, მოსკოვი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას “ყოფილ ბაზაზე” დაუშვას გერმანელ ინსპექტორთა ჯგუფი.


კამინინი აცხადებს, რომ რუსეთმა სრულად შეასრულა ბაზების გაყვანის შესახებ 1999 წლის სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულებები, მათ შორის გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის თაობაზე. მისი თქმით, ამაში დარწმუნების საშუალება ჰქონდათ ეუთო–ს წარმომადგენლებს, რომლებიც 2002 წლის ივლისში სტუმრობდნენ გუდაუთის ბაზას, “თუმცა შესაბამისი მანდატის უქონლობის გამო, ამ ჯგუფს ბაზის დახურვა ფორმალურად არ დაუდასტურებია“, – დასძენს კამინინი.


თბილისი დიდი ხანია ითხოვს გუდაუთის ბაზის დახურვის დასადასტურებლად საერთაშორისო მონიტორინგის პროცესის განხორციელებას და წინააღმდეგია ერთჯერადი ინსპექტირების ჩატარების.


კამინინმა გააკრიტიკა თბილისი იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ არ დათანხმდა გერმანიის მთავრობის ინიციატივას გუდაუთის ბაზის ინსპექტირების თაობაზე, “რომელიც მკაფიო მანდატის პირობებში დააფიქსირებდა რიგ ფაქტებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება რუსეთის ყოფილი ბაზის დაშლის თაობაზე“.


“[თბილისის] ამ არაკონსტრუქციული პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ აღნიშნული [გერმანელების] მისია გუდაუთის ბაზის ყოფილ ობიექტებზე, სადაც ამჟამად დსთ–ს სამშვიდობო ძალები არიან განლაგებულები“, – აცხადებს კამინინი.


დებატები გუდაუთის ბაზის შესახებ მას შემდეგ განახლდა, რაც რუსეთმა და საქართველომ 31 მარტს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშულა იმაში, რომ ამ უკანასკნელმა არ შეიტანა შეთანხმებაში დებულება გუდაუთის ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე.


ამ კრიტიკის საპასუხოდ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ რუსეთი ბაზის ერთჯერად მონიტორინგს მოითხოვს, მაშინ როცა საქართველოს ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება სურს რეგულარულ საფუძველზე. ბოკერიას თქმით, საქართველოს ასევე სურს, რომ რუსეთმა გუდაუთის აეროდრომის საფრენი ბილიკი გააუქმოს.   

Back to top button