
ნოღაიდელი: მთავრობა დსთ–დან გამოსვლაზე მსჯელობს
დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მთავრობა დსთ–დან გამოსვლის საკითხზე მსჯელობს.
“ამაზე უფრო დეტალურად ამ საკითხზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ“, – განუცხადა 2 მაისს ჟურნალისტებს პრემიერ–მინისტრმა.
ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით კი, “ეს არის საკითხი, სადაც უნდა დაიდოს მთელი რიგი ორმხრივი ხელშეკრულებები და მათ ჩაანაცვლონ ერთი მრავალმხრივი ხელშეკრულება“.
ბენდუქიძეს მხედველობაში ჰქონდა დსთ–ს ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობისა და ასევე გადაადგილების შესახებ.
1 მაისს ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “პირველებში“ საუბრისას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ასევე შეეხო რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე დსთ–ს დატოვების საკითხს და განაცხადა, რომ ამ თემაზე “ზუსტად ერთ კვირაში“ გასცემს პასუხს.