
საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
დღეს ფინანსურმა პოლიციამ საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ ყოფილი დირექტორი სერგო ჯავახაძე და საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან მესხიშვილი და გიორგი მედულაშვილი დააკავა. მათ ბრალად ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ-ერთი საწარმოს გადასახდელი 600 ათასი ლარის თაღლითური გზით მითვისება ედებათ.
ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ლევან მხეიძის ინფორმაციით, სერგო ჯავახაძის დაკავება არ უკავშირდება ტერმინალ “ოპიზაში“ მის საქმიანობას, “არამედ საქმე ეხება 2005 წელს საგადასახადო ინსპექციაში მუშაობისას ჩადენილ დანაშაულს“.
სერგო ჯავახაძე “ოპიზას“ დირექტორის თანამდებობიდან 24 აპრილს გადააყენეს.
ლევან მხეიძის თქმით, ასევე არასწორია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვერცელებული ინფორმაცია მიერ “ოპიზში“ ფინანსური პოლიციის შესვლის თაობაზე.
“ფინანსურ პოლიციას არ გააჩნია პრივილეგირებული კომპანიები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას ნებისმიერ კომპანიაზე, დამერწმუნეთ, აუცილებლად შევამოწმებთ და მივცემთ პასუხისგებაში [დამნაშავეებს]“, – განაცხადა ლევან მხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.