
ახალი გაზსადენებით ენერგომიწოდების დივერსიფიკაცია იგეგმება
ექსპერტთა განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე 700-კილომეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს უკრაინასთან და შემდგომ ევროპასთან დააკავშირებს რუსეთის გვერდის ავლით, ბევრად უფრო რეალური ჩანს, რადგანც ევროკავშირი დიდ ინტერესს იჩენს თავისი ენერგომომარაგების გეოგრაფიული დივერსიფიკაციის მიმართ.
საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის (GUEU) გაზსადენის პროექტი მარტში საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა განხილული.
გიორგი ვაშაყმაძე, რომელიც GUEU-ს წარმოადგენს, აცხადებს, რომ პროექტი ამჟამად ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლის სტადიაში იმყოფება, რაც, სავარაუდოდ, 2006 წლის ბოლოს დასრულდება. პროცესში ასევე ჩართულია Pipeline Systems Engineering Ltd.
ვაშაყმაძის ინფორმაციით, პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება GUEU-ს გაზსადენით.
“საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფნის ახალი შტო – GUEU განვითარდება, რომელიც კასპიის რეგიონს უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპას დაუკავშირებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ GUEU საქართველოში იწყება. გაზსადენი [შავი] ზღვის ფსკერზე ჩაიდება და ყირიმისკენ [უკრაინა] გადაიჭიმება. ჩვენ დავუკავშირებთ GUEU-ის გაზსადენს შაჰ-დენიზს სადმე საქართველოს ტერიტორიაზე“, – განუცხადა ვაშაყმაძემ “სივილ ჯორჯიას“.
პროექტის საწყისი ეტაპის ღირებულება სულ ცოტა 2 მილიარდი დოლარი იქნება და მის განხორციელებას 5 წელი დასჭირდება.
“საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებულია გაზსადენთან დაკავშირებული საინჟინრო ტექნოლოგიების სპეციალისტებით, ზედმიწევნით შეისწავლა იდეის ყველა ტექნიკური დეტალი… ჯგუფს ასევე შეუერთდნენ ის სპეციალისტები, რომლებმაც შეიმუშავეს ცისფერი ნაკადის გაზსადენის [რომელიც შავ ზღვას კვეთს და რუსეთს თურქეთს უკავშირებს] ტექნოლოგიები“, – დასძინა მან.
ვაშაყმაძის განცხადებით, პროექტის მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია ყაზახური და თურქმენული გაზის ტრანსპორტირება. თუმცა, ამას ახალი ტრანსკასპიური გაზსადენი დასჭირდება.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასიმჟომარტ ტოკაევმა 22 აპრილს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ განიხილება კასპიის გაზსადენზე შესაძლო მიერთების საკითხი, რომელიც ცენტრალური აზიიდან რუსეთის გვერდის ავლით გაზის დასავლეთში ტრანსპროტირების საშუალებას იძლევა.
“ამჟამად, კასპიის გაზსადენის მშენებლობის საკითხი განხილვის სტადიაშია, მათ შორის ევროკავშირშიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიმუშავა დოკუმენტი – მწვანე ბარათი [ევროპის მდგრადი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ენერგიის სტრატეგია]. ყაზახეთი ამჟამად მხოლოდ სწავლობს ამ საკითხს, რადგანაც [დოკუმენტი] რიგ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ელემენტებს შეიცავს. თუმცა, ფაქტიურად, ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ მეტი შესაძლებლობები იარსებებს ჩვენი ენერგორესურსების ექსპორტისთვის“, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ პროექტს ასევე უჭერენ მხარს აზერბაიჯანი და საქართველო. აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ ენერგომატარებლების ტრანზიტი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით “ძალიან ხელსაყრელია ჩვენთვის“.
“ტრანსკავკასიური გაზსადენის პროექტის განხორციელებაში არანაირი ტექნიკური პრობლემები არ შეგვექმნება… მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო“, – იტყობინებოდა რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“ 21 თებერვალს ნატიკ ალიევის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ იანვარში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ ლობირება გაუწია ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ევროპას კასპიის ენერგორესურსებს დაუკავშირებს რუსეთის გვერდის ავლით.
ენერგოუსაფრთხოების საკითხი იქნა განხილული 20-21 აპრილს ევროკავშირის “ტროიკას“ დელეგაციის ვიზიტის დროს საქართველოში.
“ტროიკას” დელეგაციის ხელმძღვანელმა, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჰანს ვინკლერმა 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ევროკავშირის ინტერესი ამ რეგიონში დიდია“ და ამის ერთ-ერთი მიზეზია ევროკავშირის ინტერესი მოახდინოს თავისი ენერგომატარებლების ტრანსპორტირების და ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაცია. მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული ამ საკითხების განხილვაში რუსეთთან, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან.
გიორგი ვაშაყმაძის განცხადებით, ევროკავშირის გაზრდილმა ინტერესმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი GUEU-ის გაზსადენის პროექტს.
თუმცა, რუსეთი წინააღმდეგია ნებისმიერი ტრანსკასპიური გაზსადენისა, სანამ არ გადაწყდება კასპიის ზღვის სტატუსის საკითხი.
კასპიის ზღვის საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის (რომელიც კასპიის ზღვის ხუთ სახელმწიფოს აერთიანებს) სხდომის შემდეგ, რომელიც მოსკოვში 15 მარტს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე გოლოვინმა განაცხადა, რომ მგაზსადენთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოგვარდეს “კასპიის ზღვის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით, მიუხედავად გაზსადენის მარშრუტისა“. მისი თქმით, გაზსადენმა შესაძლოა სერიოზული ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნას რეგიონს.