ახალი ამბები

ქართველი მეღვინეებისთვის მთავარი პრიორიტეტი რუსული ბაზრის დაბრუნებაა

ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 13-15 აპრილს მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება რუსეთის”საკმაოდ მაღალ სახელისუფლებო კაბინეტებში“ მიიღეს. 


ამის მიუხედავად, ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად მაინც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის გატანის განახლება რჩება. ამ მიზნით იგეგმება რუსეთში ვიზიტები.  დღეს კი ქართველი მეღვინეები პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდებიან და სამომავლო გეგმებს დასახავენ.


“ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება რუსული ბაზრის დაბრუნება“, – განაცხადეს ღვინის მწარმოებელთა კავშირის წევრებმა.


“სამუშაო არის ორ ფრონტზე: ერთი რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, [საქართველოს] ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევით, რაც უკვე დაწყებულია და მეორე,  მუშა შეხვედრები რუსეთის შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა კომპანია GWS-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ლევან კობერიძემ 19 აპრილს პრესკონფერენციაზე.


ღვინის საკითხებზე ამ დროისთვის მოსკოვში მოლაპარაკებებს კვლავაც განაგრძობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.

Back to top button