ახალი ამბები

რუსეთის სათათბირომ ღვინისა და მინერალური წყლების შეტანაზე აკრძალვა სამართლებრივად გააფორმა

რუსეთის სათათბირომ დღეს დაამტკიცა საქართველოდან და მოლდოვადან იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე სახელმწიფო სანირატული კონტროლის გამკაცრების შესახებ დადგენილება, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


“სათათბიროს დეპუტატები მხარს უჭერენ მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის კონტროლის ფერედარული სამსახურის და მისი ხელმძღვანელის – რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის [გენადი ონიშენკოს] ღონისძიებებს რუსეთის ტერიტორიაზე ღვინის, ღვინო მასალების, კონიაკების, მინერალური წყლების საქართველოდან და მოლდავადან შემოტანასთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამებიან სახელმწიფო სანიტარულ–ეპიდემიოლოგიურ წესებს და ნორმებს“, – ნათქვამია სათათბიროს დადგენილებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯებია რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


რუსი დეპუტატები ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს და მოლდავას ხელისუფლება და ასევე პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები რადიკალურ ზომებს მიიღებენ ხარისხის ამაღლებისა და ფალსიფიცირების დაძლევის მიზნით. “რის შედეგადაც საქართველოდან და მოლდოვადან შემოვიდოდა“ ხარისხიანი პროდუქცია.


ონიშნეკოს უწყებამ საქართველოდან ღვინისა და ღვინო მასალების იმპორტი 27 მარტიდან აკრძალა, მოგვიანებით კი ამ სიას კონიაკი და შუშხუნა ღვინოები მიუმატა, 15 აპრილს კი ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ მიმართ გამოვლენილ დარღვევებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.


თავდაპირველად, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოდან მცენარეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა.


საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეაფასა რუსეთის ეს ნაბიჯები, როგორც “პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

Back to top button