skip to content
ახალი ამბები

რუსეთი ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს აყენებს

თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართულ მხარესთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებები განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


“განხილულ იქნა ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება პირველ რიგში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტის განხორციელების ფარგლებში“, – ნათქვამია რუსეთს საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში. 


ეს პუნქტი გათვალისწინებულია რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით.


შეთანხმების 20-ე მუხლში ნათქვამია: “მხარეები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ შემუშავებას და ხელმოსაწერად მოამზადებენ შეთანხმებას საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის დაფუძნებისა და ფუნქციონირების შესახებ, რომლის შესაბამისად ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი გამოყენებულ იქნება აღნიშნული ცენტრის ინტერესებისათვის“.


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლება ამ პუნქტის გამო გააკრიტიკეს, რადგანაც, მათი თქმით, ეს ცენტრი ნიშნავს “რუსეთის სამხედრო დაზვერვის ლეგალიზებას“ ბათუმში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 13 აპრილს დეპუტატებს განუცხადა, რომ “ვალდებულება რუსეთთან ამ საკითხის განხილვის თაობაზე არ ნიშნავს ავტომატურად ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებას“.


“მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაგრძელდება, თუ რუსეთი ამ საკითხს დააყენებს“, – განაცხადა ანთაძემ, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთი პასიურობას იჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით.


18 აპრილის საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი ღონისძიებები ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ასევე ითვალისწინებს საქართველოს სწრაფ მიერთებას დსთ-ს წევრი სახელმწიფოების შეთანხმებასთან ხელით გადასატანი საზენიტო სისტემების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button