ახალი ამბები

რესპუბლიკელები სასამართლო რეფორმის კომისიაში თანამშრომლობას აპირებენ

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემის რეფორმირების სახელმწიფო კომისიის მუშაობაში.


კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს, 17 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიურ პარტიებსა და საერთაშორისო ექსპერტებს მის მუშაობაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტის თქმით, რეფორმის გზაზე პირველი ნაბიჯი იუსტიციის საბჭოდან გენერალური პროკურორის გამოყვანა იქნება.


“არ აქვს მნიშვნელობა რამ განაპირობა პრეზიდენტის გუშინდელი ინიციატივა – დასავლეთის ზეწოლამ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის როლმა თუ სხვა რამემ. ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული და ამიტომ შეცდომების აღიარებას არ ვაფასებთ ხელისუფლების სისუსტედ. ასეთი შეცდომა იყო გენერალური პროკურორის იუსტიციის საბჭოში ყოფნა და პრეზიდენტის მიერ ამის აღიარება მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

დღესვე რესპუბლიკელების ლიდერმა პრეზიდენტს პარტიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი გაუგზავნა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფას ეხება.  

“თუ კომისია გაიზიარებს ამ წინადადებებს, ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა იმ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში”, – დასძენს უსუფაშვილი.  

Back to top button