
ონიშენკოს უწყება “ბორჯომის” სტანდარტებთან შეუსაბამობაზე ალაპარაკდა
რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახური 15 აპრილს აქვეყნებს რუსეთის ბაზარზე არსებულ მინერალურ წყლებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მინერალურ წყალზე “ბორჯომი“ დარღვეულია იდენტურობა ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციასა და მის რეალურ შემადგენლობას შორის, რაც მომხმარებელთა ინფორმირების მოთხოვნის დარღვევაა.
“გარდა ამისა აღმოჩენილია [“ბორჯომის”] პროდუქციის პარტია, რომელსაც არ გააჩნდა სანიტარულ–ეპიდემიოლუგიური დასკვნები, ასევე დოკუმენტები პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დასადასტურებლად, დარღვეულია შენახვის ვადები“, –ნათქვამია მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშნეკოს უწყების პრესრელიზში.
სწორედ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის რეკომენდაციით 27 მარტიდან აიკრძალა რუსეთში ქართული და მოლდავური ღვინისა და ღვინომასალები იმპორტი, ხოლო მოგვიანებით ამ კატეგორიებს ქართული და მოლდავური კონიაკი და შუშხუნა ღვინოებიც დაემატა.
ღვინის პრობლემის გადასაწყვეტად მოსკოვში საქართველოდან ჩასულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის ხელმძღვანელობით გენადი ონიშენკომ შეხვედრაზე უარი განუცხადა.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეაფასა ქართული ღვინის რუსული ბაზრიდან გამოდევნა, როგორც “ეკონომიკური ემბარგო“. 14 აპრილს კი პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ “ბორჯომის“ მიმართ რუსეთის მხრიდან ანალოგიური ნაბიჯები “პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იქნება.