ახალი ამბები

ბაზის გაყვანის შემდეგ ახალქალაქში სოციალური პროგრამა დაიწყება

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს  ახალქალაქის მოსახლეობის დასაქმების კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა ამოქმედდეს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პარალელურად.


“ხელისუფლებას აქვს მკაფიო გეგმა რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ბაზაზე დასაქმებული მოსახლეობა ბაზის გაყვანის შემდეგ არ დარჩეს უმუშევარი… და მიიღონ იმაზე არანაკლები ხელფასები, რასაც დღეს იღებენ ბაზაზე. მთავრობაში იხილება ძალიან კონკრეტული წინადადებები, რომ პირველ პრიორიტეტად ახალქალაქში გაიხსნას გადამამუშავებელი საწარმოები, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთ–საქართველოს შეთანხმების განხილვის დროს.

შეთანხმების მიხედვით, ახალქალაქის სამხედრო ბაზამ საქართველო არაუგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა უნდა დატოვოს. სამხედრო ბაზა ახალქალაქის მოსახლეობის, რომელთა დიდი უმრავლესობა ეთნიკურ სომხებს წარმოადგენენ, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ ბაზაზე არსებული საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ გადაეცემა იქ დასაქმებულ სამხედრო და ტექნიკურ პერსონალს.


“ამ შეთანხმებაში არის ჩადებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გააჩნიათ სამხედრო ბაზების კუთვნილებაში მყოფი საცხოვრებელი ფართი, მათი საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მიიღებენ ამ ფართს. ამ მხრივ ძირითადი კატეგორია იქნება ის მოსახლეობა, რომელიც არის ახალქალაქში და დაკავშირებული იყო სამხედრო ბაზასთან, როგორც სამხედრო მოსამსახურე ან ტექნიკური პერსონალი“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ პარლამენტში გამოსვლისას.


“მიუხედავად ზოგიერთი ძალების მცდელობისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გამოეყენებინა და გამოეხატათ მათ აქტიური პროტესტი ბაზების გაყვანის წინააღმდეგ, [ახალქალაქის] მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით შეხვდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ 13 აპრილს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე  ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსების დიდი ნაწილი იხარჯება ახალქალაქის რაიონის რეაბილიტაციაზე.

Back to top button