
სააკაშვილი პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსისა და კონსოლიდაციისკენ და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთად აშენებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველა დაპირისპირება, სხვადასხვა პოზიციების ადამიანები ერთად უნდა დადგნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზნებს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეძლოს საკუთარი მოკლევადიანი ამბიციების მიღმა დაჯდომა და გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ყველას საერთო ინტერესი გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა 9 აპრილს თავის სატელევიზიო მიმართვაში.
სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი კანონმდებლების გადაწყვეტილებაზე ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტის სხდომებს, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებას და თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი სატელევიზიო მიმართვა 9 აპრილის ტრაგედიის 17 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაასრულონ ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელიც 17 წლის წინ დაიწყეს იმ გმირებმა, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
“9 აპრილის მნიშვნელობა წლების მანძილზე მიჩქმალული იყო, არადა 9 აპრილს მოხდა ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ლიტვის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მეორე რესპუბლიკა, რომელმაც მოახდინა თავისი დამოუკიდებლობის დეკლარირება“, – განაცხადა სააკაშვილმა.