ახალი ამბები

ომბუდსმენი გელაშვილის თავდასხმაში ხელისუფლების შესაძლო კავშირზე მიუთითებს

სახალხო დამცველის 2005  წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რომლის განხილვასაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 15 აპრილს გეგმავს, ყურადღებას ამახვილებს უკვე ყოფილი დეპუტატის ვალერის გელაშვილის ცემის დეტალებზე. ანგარიშში ეჭვია გამოთქმული, რომ ოპოზიციონერ გელაშვილზე შარშან 14 ივლისს განორციელებული თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული.


ხაშურის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს რესპუბლიკური პარტიიდან, ვალერი გელაშვილს, რომელსაც  პარლამენტმა მიმდინარე წლის 31 მარტს დეპუტატისათვის შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით უფლებამოსილება შეუწყვიტა, შარშან ივლისში დაახლოებით 8 შეიარაღებული ნიღბიანი დაესხა თავს, რის შედეგადაც გელაშვილი მძიმედ დაშავდა.


“მას ორივე ყბა მოტეხილი ჰქონდა და აღენიშნებოდა სახის მძიმე დაზიანება. შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა დაცვის წევრს“, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე მითითებულია, რომ ოფიციალური ცნობით, თავდამსხმელებმა თან წაიღეს [გელაშვილის თანმხლები] მეგი ლომიძის ხელჩანთა და გელაშვილის პირადი საბუთები.


“მიუხედავად იმისა, რომ თავად დაზარალებული და მისი თანაპარტიელები გამორიცხავენ ყაჩაღობის ფაქტს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა ლევან ბეროძემ მომხდარი ფაქტიდან ერთ საათში, რამდენიმე მოწმის დაკითხვის შემდეგ, განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვას. გამოძიება სწორედ ამ ვერსიაზე აგრძელებს მუშაობას. თუმცა, ალბათ ბევრმა ნახა ის კადრები, სადაც დაფიქსირებულია, რომ საავადმყოფოში მყოფ ვალერი გელაშვილს მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკეთა, რაც ყაჩაღობის ვერსიას საეჭვოს ხდის“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
 
ამასთან, ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გელაშვილი პატრულმა გააჩერა და შეამოწმა, რამდენი კაცი იყო მის პირად დაცვაში და რა იარაღი ჰქონდათ დაცვის თანამშრომლებს. გელაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი სპეცსამსახურის ნამუშევარი იყო, მან ერთ-ერთ თავდამსხმელში შსს მეშვიდე განყოფილების ოპერატიული მუშაკი ამოიცნო.


გელაშვილმა მომხდარი თავის სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებს დაუკავშირა, სადაც ის ხელისუფლებისა და კერძოდ, პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოდიოდა. გელაშვილის ხელისუფლებასთან უთანხმოების მიზეზად პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის საკითხი იქცა.  
 
“იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ვალერი გელაშვილმა ამ ფაქტამდე  ხელისუფლების მისამართით გააკეთა, ჩნდება ეჭვი, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ დანაშაული მოხდა დღისით, შუაგულ ქალაქში და დღემდე ვერ ხერხდება მისი გამოძიება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც სამართალდამცავებს ამ საქმის “დროულად“ გამოძიების რეკომენდაციას აძლევს.

Back to top button