ახალი ამბები

დეპუტატები ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის განცხადებაზე კომენტარს აკეთებენ

დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ 27 მარტს თბილისის მე–5 საპყრობილეში მომხდარი “ბუნტის” საქმეს პროკურატურა იძიებს და ამ ეტაპზე არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება.


31 მარტს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა შეშფოთება გამოხატა თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი “ძალადობრივი ინციდენტის“ გამო და საქმის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.


“თუ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება, მაშინ უნდა დადგეს საკითხი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც ალბათ არ იქნება წარმოდგენილი არც აღმასრულებელი ხელისუფლება და არც პროკურატურა. თუმცა ჯერ დაველოდოთ პროკურატურის გამოძიების შედეგებს“, – განუცხადა 1 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ “სივილ ჯორჯიას“.


იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ “თუ საჭირო იქნება გამოძიების პროცესში პოლიტიკური კომპონენტის ჩართვა და ამას დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოება, მაშინ შეიძლება ამის გაკეთება, თუმცა მე მგონია, რომ კომისიის შექმნა საჭირო არ არის“.


მისი თქმით, სწორედ პროკურატურის ობიექტურობის მიმართ ეჭვების არ არსებობის გამო 28 მარტს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა დეპუტატების მომხსენებელთა ჯგუფის შექმნის თაობაზე.


დეპუტატები აცხადებენ, რომ შესაძლოა ეუთოს შეფასებები არასწორ ინფორმაციებს ეყრდნობა. თევდორაძის განცხადებით, ეუთომ ციხეში მომხდარ “ინციდენტზე“ თავისი პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ციხის მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს საერთაშორისო საზოგადოებას.


გვარამია თვლის, რომ ზოგიერთ “ანგაჟირებულ“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირებაზე პოლიტიკურმა ოპოზიციამაც იზრუნა.


“როგორც ჩანს, ეუთოს შეფასებები არასწორად ინფორმირების პრობლემას უკავშირდება, რასაც ჩვენი წარმომადგენლობა ეუთოში შეეცდება გამოასწოროს, რადგან ეს იყო ნამდვილად ბუნტი და ქვეყანა სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა“, – განუცხადა ნიკა გვარამიამ “სივილ ჯორჯიას“.


27 მარტს ციხეში მომხდარი შეტაკების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 7 პატიმარი გარდაიცვალა და 20–ზე მეტი პატიმარი და სამართალდამცავი დაშავდა.

დღეს ოპოზიციური ფრაქცია ახალი მემარჯვენეების წევრმა კოკა გუნცაძემ, მას შემდეგ, რაც მან ციხეში შესვლაზე პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა მიიღო, პატიმრები მოინახულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან წარმოადგინა ტყვიები, რომლებიც პატიმრების განცხადებით, მათ საკნებში იყო გამოყენებული ბუნტის დროს.


“ძალიან შეშინებულები არიან პატიმრების უმრავლესობა, ერიდებიან ამ თემაზე საუბარს, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოჩნდა იქ [ციხეში]რამოდენიმე ადამიანი ვინც გაბედა და მომიყვა თუ რა ხდებოდა იმ დღეს. მათ პრაქტიკულად დაადასტურეს ის ეჭვი, რომელიც გვქონდა ჩვენ, რომ ყველაფერი დაიწყო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სადაც იყო მორიგი შემთხვევა პატიმრების ცემის, სადისტური მოპყრობის, აბუჩად აგდების, შემდგომში ეს ყვირილი გადაედო ციხის კორპუსს, მე–5 საპყრობილეს და გამოიწვია ამან მძაფრი პროტესტი, რომელმაც მიიღო უკვე ბუნტის და სახალხო მღელვარების ფორმა. და ამის შემდგომ გამოყენებული იყო უკვე სპეცდანიშნულების ჯგუფები”, – განაცხადა 1 აპრილს კოკა გუნცაძემ .

Back to top button