ახალი ამბები

საქართველო აფხაზეთის შესახებ შემოკლებული რეზოლუციის წინააღმდეგ გამოდის

საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ მოუწოდა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც ოფიციალურად 30 მარტს უნდა დამტკიცდეს, გაითვალისწინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. 


“იანვარში შეუძლებელი გახდა რეზოლუციის პროექტის კონსენსუსური ტექსტის შემუშავება და, შესაბამისად, მიღებული იქნა ტექნიკური რეზოლუცია. ჟენევაში შემდგარი გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ახალი პროექტის ტექსტი თითქმის შეთანხმებულია. რამდენადაც საბოლოო ტექსტზე კვლავაც არ არის მიღწეული შეთანხმება, რჩება იმედი, რომ უშიშროების საბჭოს მიერ ადრე მიღებულ რეზოლუციებში არსებული ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება. ეს პრინციპები საყოველთაოდ ცნობილია – საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთის სტატუსის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში განსაზღვრა, ძალადობრივი ან სამხედრო გზით გადაწყვეტის მიუღებლობა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ჩვენ მივმართავთ გაეროს გენერალური მდივნის მეგობრებს გამოიჩინონ ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არცთუ ყველა მათგანს აქვს ამ პრინციპების რეზოლუციაში ასახვის სურვილი“, – აცხადებს რევაზ ადამია გაეროს უშიშროების საბჭოსადმი 28 მარტს გაგზავნილ წერილში.


31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო დადგენილების მოკლე ტექსტი, რომელშიც საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ორი თვით, 2006 წლის 31 მარტამდე, გაგრძელდა.


საქართველოს ელჩმა ასევე განაცხადა, რომ დროა დაიწყოს პროცესი გაეროს რეალური სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისკენ, რითაც გზა გაეხსნება კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებას.

Back to top button