
სააკაშვილი ციხის ბუნტზე კომენტარს აკეთებს და პოლიციას აქებს
27 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ციხის ბუნტის აღკვეთით საქართველომ თავიდან აიცილა მასობრივი უწესრიგობების და დესტაბილიზაციის საფრთხე.
მან გაიხსენა 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი გაქცევა თბილისის იმავე ციხიდან და განაცხადა, რომ ამას მოყვა სამოქალაქო ომი და სამხედრო ამბოხება საქართველოს გარდაცვლილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს.
ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის ოდნავ შემოკლებული სიტყვა:
“ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს და ქურდების ინსტიტუტს საქართველოში… ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაიწყო ორგანიზებული ბრძოლა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მუქარას, რომ მოხდება გამოსვლები, მასობრივი გაქცევები და მასობრივი არეულობები.
ციხეს და მთელ საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში მართავდნენ ქურდები და ბანდიტები. ქურდები აკონტროლებდნენ ეკონომიკას, ენერგეტიკას, ხალხის მოძრაობას, ჩვენს ქუჩებს და ეზოებს.
მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ ამათთან ბრძოლა, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და [თავდაცვის მინისტრი ირაკლი] ოქრუაშვილი ჩემი მოადგილე იყო, სამწუხაროდ მაშინ პოლიციის წინააღმდეგობის გამო არც დრო გვქონდა და არც საშუალებები, რომ ეს ბრძოლა რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მიგვეყვანა. ვარდების რევოლუციის შემდეგაც დაგვჭირდა პერიოდი იმისათვის, რომ სერიოზულად მოგვეკიდა ამ უბედურებისთვის ხელი. ამისთვის საჭირო იყო ახალი საპატიმრო დაწესებულებები, პერსონალის გამოცვლა, პენიტენციალური დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე დაინიშნა, რომელიც განსხვავდება იმ ხალხისგან, რომელიც მანამდე მართავდა ციხეს ქურდების მეშვეობით. გარეთ სერიოზულად მოვკიდეთ ამ ბანდიტებს ხელი.
როგორც ჩანს, ბოლო დროს, როდესაც მოვკიდეთ ქურდებს ხელი, დავიწყეთ პროცესები ქონების ჩამორთმევის, მივიღეთ ძალიან სერიოზული კანონები და აქ პარლამენტის დამსახურება ძალიან დიდია – მათ აღარ ჰყავთ დიდი ლობი პარლამენტში, თუმცა დღესაც გამოჩნდნენ ზოგიერთები [პრეზიდენტი სავარაუდოდ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს გულისხმობდა] და ისინი ძალიან სერიოზულად განერვიულდნენ. ეტყობა იფიქრეს, რომ ვინაიდან მათ აქვთ გარკვეული ძალების მხარდაჭერა ტელეეკრანიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩებიდან, მიდის მუდმივი ლანძღვა-გინება საქართველოს პოლიციის – იფიქრეს, რომ ეხლა არის კარგი მომენტი გარეთ გასასვლელად. ნურას უკაცრავად პატივცემულო ბანდიტებო, ქურდებო, საზოგადოების ხორცმეტებო, მათო მხარდამჭერებო.
მინდა ყველამ იცოდეს, რა საფრთხის წინაშე იყო ღამე საზოგადოება – და ამაზე კარგად ილაპარაკა ნინო ბურჯანაძემ – თბილისში ღამით შეიძლება გასულიყო 4,000 თავზეხელაღებული, გააფთრებული, საშიში დამნაშავე. ეს ნიშნავდა ასობით გატაცებულ ავტომანქანას, ასობით გაუპატიურებულ ადამიანს, ასობით გაქურდულ სახლს, ასობით მკვლელობას და სხვა უბედურებას და არეულობას.
მე მინდა გაიხსენოს ჩვენმა საზოგადოებამ, გამსახურდიას დროს შემოდგომაზე ამავე იზოლატორიდან გაიპარა ასობით კრიმინალი და საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, დაიწყო არეულობა, ქურდობა, ძარცვა…
მერე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ბანდიტები და ისინიც კი, ვინც დარჩენილი იყვნენ, გამოუშვეს. ეს იყო გაუბედურებული სამეგრელო, სადაც ერთი სახლიც კი არ დაუტოვებიათ, საიდანაც მანქანა არ წაიყვანეს…
მე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს და საქართველოს პოლიციას, რომელმაც უკიდურესად პროფესიონალურად იმოქმედა, იმისათვის, რომ ჩვენ ყველას აგვაცილა ეს უბედურება. არავის არ უხარია ადამიანის მსხვერპლი – რა ადამიანიც არ უნდა იყოს – მაგრამ საზოგადოებას, კანონიერებას და წესრიგს ჩვენ დავიცავთ ყველა ხელთ არსებული საშუალებებით კანონის ფარგლებში…
დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს მოტივირებული, კარგად ანაზღაურებადი და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული პოლიცია და რეფორმების პროცესში მყოფი იუსტიციის სამინისტრო. და ამ სამინისტროს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ სატელევიზიო შანტაჟის, რადგან ჩვენი საზოგადოება არის ძალიან გონიერი ხალხით დაკომპლექტებული და ასჯერ რომ უთხრათ ტელევიზიით რომ შავი თეთრია, მათ იციან რომ შავი შავია და თეთრი არის თეთრი …
ჩვენ გამოვაცხადეთ დანაშაულის ნულოვანი მოთმენის პოლიტიკა და უნდა გავაგრძელოთ ეს, უნდა შევყაროთ ყველა ციხეებში კანონის ფარგლებში. სისხლის სამართლის კოდექსი ისე უნდა შევცვალოთ, რომ არავინ პირობითი სასჯელით არ გადიოდეს… ჩვენ ამ კოდექსს შევცვლით, რათა ბოლო მოვუღოთ წვრილმან დანაშაულს… იქნება სრული ნულოვანი მოთმენა…
მინდა რომ იცოდეს ორგანიზებულმა დანაშაულმა და მისმა მხარდამჭერებმა, რა ხმაურიც არ უნდა მოაწყონ, რისი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეთ, რა შანტაჟიც, რა დისკრედიტაციაც არ უნდა გამოიყენონ … რა ფული და გავლენაც არ უნდა ჰქონდეთ მათ პატრონებს, ბოლომდე მივწვდებით ყველა ორგანიზებული დანაშაულის წევრს, მონაწილეს, დანაშაულის ჩამდენს და მათ მფარველებს. აქ არ არის ველური დასავლეთი, სადაც დიდი ფულით იყიდება სამართალი…
მინდა დავპირდე ყველას, რომ გავაგრძელებთ ყველა ღონისძიებას… ჩვენ წლის ბოლომდე უნდა დავამთავროთ ახალი დიდი იზოლატორის მშენებლობა გლდანში. ეს ორთაჭალის ციხე არის დასანგრევი, რადგანაც ტექნიკურად იქ ბოლომდე უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია და ამ სიტუაციაში ამგვარი ციხის არსებობა ქალაქის ცენტრში დიდი საფრთხე არის…
აშკარაა, რომ ორგანიზებულმა დანაშაულმა ბოლოჯერ გაიბრძოლა, კოდორში აფეთქება და მცდელობა, რომ საქართველო დატოვონ დენის გარეშე არის ამის კლასიკური ნიმუში… არანაირი მოლაპარაკება ბანდიტებთან არ იქნება; ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, რომ დავამყაროთ წესრიგი…
რადგან ამ ხალხმა გადაწყვიტა ჩვენი გამოწვევა, ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ. იცოდეს ყველამ, კრიმინალებმა და მათმა პოლიტიკურმა და სხვა სახის მფარველებმა – სულ რომ ყირაზე დადგნენ, ჩვენ საქართველოში დავამყარებთ კანონიერებას და წესრიგს, ხალხი ივლის ქუჩაში უსაფრთხოდ, ბიზნესები გაიხსნება რეკეტის გარეშე… ჩვენი ქუჩები გაიწმინდება კრიმინალური ნაგვისგან კანონის და დემოკრატიის ყველა მოთხოვნის დაცვით“.