
რუსეთის საკონსულომ ვიზების გაცემაზე შეზღუდვები მოხსნა
საქართველოში რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა განაახლა, იტყობინება 21 მარტს “რია ნოვოსტი“ საელჩოს პრეს–ატაშის მიხეილ სვირინის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
“საელჩოს საკონსულო განყოფილებამ 2006 წლის 21 მარტიდან სრული დატვირთვით განაახლა რუსული ვიზების საქართველოს მოქალაქეებისათვის გაფორმება“, – განაცხადა სვირინმა.
ვიზების გაცემა რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტმა, “გარდა ჰუმანიტარული ხასიათის შემთხვევებისა“, საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 თებერვალს შეწყვიტა. მიზეზად რუსი სამხედროებისათვის თბილისის მხრიდან ვიზების გაცემაზე შექმნილი პრობლემები დასახელდა.
თუმცა 10 მარტისათვის გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის ვიზების გაცემა ნაწილობრივ აღდგა, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუს სამხედრო მოსამსახურეებზე ვიზების გაცემის საკითხი დაარეგულირა.