ახალი ამბები

პუტინი თანახმაა საქართველოსთან სამხედრო ტრანზიტზე შეთანხმებას მოაწეროს ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მარტს გამოსცა განკარგულება, რომელშიც თანხმობას აცხადებს 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პერსონალის და ტვირთების საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის თაობაზე საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების ხელმოწერაზე, იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


განკარგულება ავალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოლაპარაკებები გამართოს ქართულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით და ხელი მოაწეროს შეთანხმებას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.  


ხუთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც უკვე შეთანხმებულია ქართულ მხარესთან, ავალდებულებს რუსეთს არ გადასცეს საქართველოს ტერიტორიის გავლით გაყვანილი ტექნიკა და შეიარაღება მესამე ქვეყანას. ტრანზიტული სამხედრო ტვირთის რაოდენობა რუსეთსა და საქართველოს შორის წინასწარ იქნება შეთანხმებული წელიწადში ერთხელ.


რუსეთი ასევე იღებს ვალდებულებას არ მოახდინოს ბიოლოგიური, ბირთვული და ქიმიური ნივთიერებების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის და მისი კომპონენტების ტრანსპორტირება. 


შეთანხმების პროექტის თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტზე უარი განაცხადოს, თუ სამხედრო ტვირთის მოძრაობა საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას და თუ სამხედრო ტვირთის დანიშნულების ადგილი კონფლიქტის ზონებში ან ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებშია.   


 

Back to top button