
თბილისი ბელარუსში დაკავებული ქართველების გათავისუფლებას მოითხოვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ დღეს ბელარუსში 20 მარტს დაკავებული სამი ქართველის – დეკანოზ ბასილ კობახიძის, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლის მალხაზ სონღულაშვილის და რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრის დირექტორის ლადო გოგიაშვილის – დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
“მათი დაკავების ერთადერთი მიზეზი ის ფაქტი იყო, რომ მათ ქართული დროშები ეკავათ და ქართული პასპორტები ჰქონდათ“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.
21 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაგმო ქართველების დაკავების ფაქტი და მას ბელარუსის ხელისუფლების მიერ “ანტიქართული განწყობილების“ გამოხატულება უწოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ასევე დაგმო ქართველების დაკავების ფაქტი.