
თბილისი და მოსკოვი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ
რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების საკითხში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რათა გაარკვიონ თბილისის პოზიცია რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 21 მარტს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მაქსიმ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
21 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოში აკრედიტირებულ მსო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა და რუსეთის მსო-ში წევრობაზე თბილისის პოზიცია გააჟღერა.
საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუ მოსკოვი დაეხმარება თბილისს როკის გვირაბზე და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის აღდგენაში.
ქართული მხარე ასევე მოითხოვს რუსეთისგან გააძლიეროს ბრძოლა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტების, ძირითადად ღვინის, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, ასევე უარი თქვას ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ აკრძალვაზე. თბილისის ანალოგიური პოზიცია საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 2005 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგში მსო-ს მინისტერიალზეც გააჟღერა.
თბილისის განცხადებით, ყველა ეს მოთხოვნა ეკონომიკურად მოტივირებულია.
თუმცა, მაქსიმ მედვედკოვის განცხადებით, საქართველოს მოთხოვნებს არაფერი აქვს საერთო მსო-სთან.
“ნათელია, რომ არც ერთი ეს საკითხი მსო-ს კომპეტენციაში არ შედის… სასაცილო იქნებოდა ამ საკითხების დაყენება მსო-ში, როცა მათ პირდაპირი კავშირი არ აქვთ მსო-ს წესებთან“, – განაცხადა მედვედკოვმა.