
პარლამენტი “დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ საპარლამენტო კომპონენტის შექმნის ინიციატივით გამოდის
დღეს პარლამენტმა განიხილა სპეციალური განცხადება, რომელიც “დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ ფარგლებში საპარლამენტო კომპონენტის შექმნას ითვალისწინებს.
ამ განცხადებაში დეპუტატები მიმართავენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა მან საქართველოს პარლამენტის ეს ინიციატივა მაისში დაგეგმილ “დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ ვილნიუსის სამიტზე გააჟღეროს, “რათა უკვე მაისიდან მოხერხდეს საპარლამენტო ურთიერთობების ამოქმედება“, – განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე განცხადების ავტორმა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “დემოკრატიული არჩევანის საზოგადოება“, რომლის მიზანია შავის ზღვის რეგიონის დახმარება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, არის “ძალიან მნიშვნელოვანი“ ინიციატივა, რომელიც “არ შეიძლება პარლამენტის გამოხმაურების მიღმა დარჩეს“.