
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატები შიმშილობას იწყებენ
ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უარი განაცხადა მათთან მოლაპარაკებებზე სალარო აპარატებთან დაკავშირებით, იტყობინება ქართული მედია.
დეპუტატებმა “დემოკრატიული ფრონტიდან“ კობა დავითაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა გუჯაბიძემ და ბეჟან გუნავამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ისინი პრემიერ-მინისტრის მისაღებში შიმშილობას დაიწყებდნენ, განუცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ “დემოკრატიული ფრონტიდან“ ჟურნალისტებს.
ამავდროულად, კანცელარიის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს დაშლილიყვნენ და აქცია 10 მარტს განეგრძოთ. ისინი სალარო აპარატების შემოღების შესახებ კანონის გაუქმებას ან თუნდაც გადავადებას მოითხოვდნენ. ამ კანონის თანახმად, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
პარლამენტის წინ 9 მარტს 3000-მდე აქციის მონაწილე შეიკრიბა, მოგვიანებით კი მათ კანცელარიისკენ გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით შესთავაზეს.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება საჭირო გახდა, რათა აღერიცხათ მოვაჭრეების შემოსავლები. თუმცა, მოვაჭრეთა უმრავსელობა აცხადებს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სალარო აპარატების შეძენას და ფიქსირებული გადასახადის გადახდას მოითხოვენ.