
დანიელ ფრიდი: რუსეთს მეტის გაკეთება შეეძლო კონფლიქტების მოსაგვარებლად
ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპის საკითხებში დანიელ ფრიდმა მოუწოდა რუსეთს “გამოიყენოს საქართველოს წინადადებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და იმუშავოს იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და სამხრეთ ოსეთის ხალხის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“.
8 მარტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ “რუსეთის ფედერაციას მეტის გაკეთება შეეძლო, რათა დახმარებოდა კონფლიქტების მოგვარებას“ როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში.
“ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა მხარი და იწყებს რეგიონის დემილიტარიზაციის მიზნით ცალმხრივი ქმედებების განხორციელებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მცდელობას ეუთოში ჩვენს მეგობრებთან ერთად და განვაგრძობთ მოლაპარაკებებში პროგრესის ხელშეწყობას“, – განაცხადა ფრიდმა.
“აშშ-ს ურთიერთობებს რუსეთის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან რუსი პოლიტიკოსები აღიქვემენ, როგორც მათთვის წამგებიანს. არადა ეს მიდგომა, რაც ჩვენ ღიად და კერძო საუბრებშიც ვუთხარით რუსეთს, მცდარია. ჩვენ გვინდა ვიმუშავოთ რუსეთთან და სხვებთან, რათა მოვაგვაროთ საშიში და დამთრგუნველი კონფლიქტები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და მთიანი ყარაბაღი“, – განაცხადა მან.
აფხაზეთთან დაკავშირებით ფრიდმა განაცხადა, რომ აშშ, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრი, მონაწილეობს მოლაპარაკებებში ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.