
ბაღაფში: თუ კოსოვოს აღიარებენ, აფხაზეთს სამ დღეში ცნობენ
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში “ვრემია ნოვოსტეი”– ში 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, “აფხაზეთს სამ დღეში აღიარებენ“.
“რაც შეეხება საქართველოს – არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც ის ისეთი მიმზიდველი გახდეს, რომ მასთან შეერთება შვეიცარიამაც კი მოინდომოს. დღეს კი ეს ასე არ არის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური საკითხები წყდება ეკონომიკით და სიბრძნით და არა იარაღის ჟღარუნით“, – განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, საქართველოში არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერენ კონფლიქტების გადაწყვეტის ძალოვან სცენარებს. “თუ სამხრეთ ოსეთში დაიწყება ომი, იგი მთელ კავკასიას მოედება – ეს პროცესია, რომლის შეჩერებაც ძალიან რთული იქნება. მეორეც, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 90% რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს… რუსეთი იცავს არა ტერიტორიას, არამედ კონფლიქტის განუახლებლობას“, – აცხადებს ბაღაფში.
დე ფაქტო პრეზიდენტი, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მან შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.
ბაღაფშის განცხადებით, მიუხედევად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთთან შეთანხმება სამხედრო კომპონენტს არ მოიცავს, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში სოხუმი დახმარებას გაუწევს ცხინვალს.
სამშვიდობოებთან დაკავშირებით, ბაღაფში აცხადებს, რომ ისინი კონფლიქტის ზონიდან არ წავლენ – “მათ უბრალოდ ხალხი არ გაუშვებს. მაგრამ თუ ისინი მაინც გავლენ, მათ ადგილს [საქართველოსთან ადმინისტრაციულ] საზღვარზე ჩვენ დავიკავებთ“.
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის განცხადებით,”საქართველოს სამხედრო რიტორიკა“ ხელს არ უწყობს მოლაპარაკებათა პროცესს, რომელიც მაინც გრძელდება. ბაღაფშის ინფორმაციით, 2 მარტს ჟენევის ფორმატით დაგეგმილი შეხვედრა თვის ბოლოსთვის გადაიდო.